რომეო მიქაუტაძე მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობას ადგილზე გაეცნო
03-08-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორ გიორგი ჩიქოვანთან ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის 60 კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობას ადგილზე გაეცნო. 

პროექტი დასრულების ეტაპზეა. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ახალი გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. მისი თქმით, რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად   შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას. 

პროექტს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ახორციელებს. გაზსადენის ეს განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს - აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა. 

„ახალი გაზსადენი მნიშვნელოვანი შეღავათი გახდება როგორც აჭარის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის, რომლისთვისაც სტაბილური, ხარისხიანი და საიმედო გაზმომარაგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია." - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©